"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ "ღამის კურიერში" გაკეთებული განცხადება იმის დასტურია, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთს ძირავენ. გიგი უგულავამ ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება დასტურია ერთი რამის უბრალოდ, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ, ერთმანეთსაც ტენიან გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის სიმძიმეს, ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს ძირავენ და, რაც მთავარია, არა მგონია, რომ რომელიმე მათგანი ამ ისტერიის ფონზე გამოჩნდა, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე, რომელსაც შეუძლია, მათ შორის, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება. პირადად ჩემთვის, ისევე როგორც, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ჩააყენა თუ არა საქმის კურსში ბიძინა ივანიშვილი ან პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა დაავალა თუ არა, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს," - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააფრთხილა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
იქამდე, 15 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. იმავე საღამოს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მსგავსი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ხელისუფლებასთან მიღწეული, 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ამ საკითხზეც მიაღწია. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ პუნქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.