"გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი თხოვნით მიმართავს ყველას, თავი დაანებონ იმის გარკვევას, იცოდნენ თუ არა ხელისუფლებაში პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერების შეწყალების თაობაზე.
ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარი შეთანხმების ბოლომდე შესრულება და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა.
"ეს იყო სწორი ნაბიჯი და ეს იყო ქვეყნისთვის კარგი. ზოგადად, მათი მომხრეებისთვისაც და მათი პოლიტიკური გუნდისთვისაც, როგორც ყველა სხვა დანარჩენისთვის. ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა ამას და მოიტანა ეს შედეგი, მოაქვს, ნელ-ნელა ეს შედეგი. ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს იმაზე საუბარს, თუ რა იყო მათ შორის ამის გამომწვევი მიზეზები - იმან იცოდა, არ იცოდა. ჩემი სურვილი და ჩემი თხოვნაა მათდამი და ყველასადმი - დავანებოთ ამის გარკვევას თავი და გადავიდეთ შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე, გამოუშვან დროზე გიორგი რურუა და მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შედის ორივე მხარის ინტერესში და, მთლიანად, ქვეყნის ინტერესში," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააფრთხილა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
იქამდე, 15 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. იმავე საღამოს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მსგავსი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ხელისუფლებასთან მიღწეული, 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ამ საკითხზეც მიაღწია. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ პუნქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.