18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
პრეზიდენტმა ნამდვილად გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო, პირად მოსაზრებებზე წინ მან ქვეყნის ინტერესი დააყენა - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი შესრულება საქართველოს ინტერესშია, რადგან მიზნად პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას ისახავს - კელი დეგნანმა ამის შესახებ დღეს მედიის წარმომადგენლებთან ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

დეგნანი იმედოვნებს, რომ მხარეები სრულად შეთანხმდებიან და დაიწყებენ წინასაარჩევნო მზადებას.

მისივე თქმით, ფასილიტატორების ფუნქცია არ არის შეთანხმების ინტერპრეტაცია.

"არ მივიჩნევ, რომ იმ საქმეზე საუბარი, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოშია, მართებული იყოს. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება საკუთარ თავზე თავადვე საუბრობს და დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.

მხარეებმა იციან ის, რასაც დასთანხმდნენ, რადგან პირობები თავადვე შეიმუშავეს. ვთვლი, რომ ფასილიტატორების ფუნქცია არ არის ამ შეთანხმების ინტერპრეტაცია. გეტყვით, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება საქართველოს ინტერესშია, რადგან მიზნად ისახავს პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებას, რათა უკეთესი პირობები შეიქმნას 2020 წლის შემოდგომისთვის. ისეთი არჩევნებისთვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას და დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებას. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმის კანონმა ასახოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ჩემი როლი არაა, გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები. პრეზიდენტმა ნამდვილად გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო დეპოლარიზებისთვის, ჩანდა, რომ ეს იყო რთული ნაბიჯი მისთვის, თუმცა თავის პირად მოსაზრებებზე წინ მან ქვეყნის ინტერესი დააყენა, ეს ისაა, როგორც უნდა იქცეოდეს ლიდერი. იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი დაეხმარება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების წინაპირობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ახლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ქვეყანამ ახლა უნდა აჩვენოს ერთგულება ღირებულებების მიმართ," - განაცხადა დეგნანმა.

  

დღის ამბები