18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ეჭვიანობა და ვიზრუნოთ მოქალაქეებზე" - პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობენ

შეძლებს თუ არა მთავრობა, შეზღუდვების ამოქმედებას, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გარეშე?! - ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტი ამ წუთებში მსჯელობს.

მთავრობისთვის ახალი მექანიზმის გადაცემას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. მათი თქმით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.  

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივის მომხსენებელია.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეზღუდვების სრულად მოხსნამ შესაძლოა თითოეული მოქალაქე რისკის ქვეშ დააყენოს.

დიმიტრი ხუნდაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს.

"ის რომ თითქოს ახალ ველოსიპედს ვიგონებთ, ნამდვილად არაა, რადგან არსებობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი, სადაც გაწერილია საკმაოდ მკაცრი რეგულაციები. თუკი რომელიმე ხელისუფლება მოინდომებს ხელაღებით გამოიყენოს სათავისოდ და პოლიტიკური მიზნებისათვის, ეს კანონი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ ბოლომდე ამ ვითარებაში დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთლეობა. ეს 2007 წელს მიღებული კანონია და მოდით გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური ეჭვიანობა გვერდზე და ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთლეობაზე.

აქ იყო სპეკულაციები, რომ თითქოს პარლამენტმა გადააბარა აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ პროცესის მართვა, ჩვენ ეს გადავაბარეთ, როცა საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ. ახლა რა თქმა უნდა ამის საჭიროება არ არის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვიყოთ და ასევე პარლამენტის რა თქმა უნდა ამით კონტროლის მექანიზმს ხელიდან არ უშვებს და ვერც გაუშვებს. სწორედაც რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა იყოს ეს, ამიტომაა საჭირო თქვენი მხარდაჭერა, თითოეული თქვენგანის მწვანე ღილაკი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მომხსენებელს მიმართა, თუ რატომ შემოაქვს პარლამენტს ისეთი კანონპროექტი, რომელიც პალამნეტს მთავარ კონსტიტუციურ უფლებას ართმევს.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია პარლამენტმა მიიღოს იმგვარი შეზღუდვები, რომელიც ქვეყნის უმაღლეს კანონს ეწინააღმდეგება.

პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. ინიციატივის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. წინადადებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.

ოპოზიცია შიშობს, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გარკვეული უფლებები თავის სასარგებლოდ შეზღუდოს.

დღის ამბები