18 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
არ შეიძლება ყველაზე ჰუმანური ჯანდაცვის სფეროთი მართლდებოდეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები - მარიამ ჯაში

პარლამენტის სესია, რომელზეც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ფრაქციის თავმჯდომარემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კანონპროექტი რომელიც მთავრობას  შეზღუდვების გატარების უფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე აძლევს, ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა:

"დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია ამ პროექტის დარეგისტრირების პირველივე დღიდან აცხადებდა სკეპტიციზმს და კრიტიკას აღნიშნული ინიციატივის მიმართ, ბოლო ორი დღის მანძილზე წარმართული დებატებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი და არამიზნობრივია აღნიშნული ინიციატივა.

ჩვენ მზად ვართ მხარში დავუდგეთ მთავრობას, როგორც ფრაქცია კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ეტაპზე, თანამშრომლობის მზაობა არაერთხელ დავამტკიცეთ. მაგრამ არ შეიძლება პარლამენტი ამბობდეს უარს საკუთარ უფლებამოსილებაზე საპარლამენტო რესპუბლიკაში. არ შეიძლება ყველაზე ჰუმანური ჯანდაცვის სფეროთი მართლდებოდეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯები," - განაცხადა მარიამ ჯაშმა და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება არ გარისკონ.  მარიამ ჯაშის თქმით, ეს შესაძლოა გახდეს  მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის კიდევ ერთი საფუძველი.

დღის ამბები