"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პრემიერის ვიზიტი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პიარის ნაწილია. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია პრემიერს ამის საშუალებას არ მისცემს და სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით კონკრეტულ და მწვავე კითხვებს დაუსვამს.
"აქამდე ხომ არ მოდიოდა პარლამენტში და იმალებოდა, წარმომადგენელი გამოგზავნა ორჯერ და ახლა გადაწყვიტა, რომ ინტერპელაციის პროცედურამდე, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში არსებულ სიღარიბეზე ვისაუბროთ, თავისი ინიციატივით მოვიდეს და რაღაც პიარ-კამპანია ჩაიტაროს საკუთარი თავისთვის, რის შესაძლებლობასაც მას არავინ, ლეგიტიმურად არ მისცემს. გვექნება ძალიან კონკრეტული კითხვები, მათ შორის იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც დააანონსა თავად გახარიამ და რომლის ფარგლებშიც დღემდე ერთი თეთრი დახმარება და შეღავათი არ მისულა საქართველოს მოქალაქემდე,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ 27 მაისს, საკუთარი სურვილით მიდის. მას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ინტერპელაციის წესითაც მოუწევს მისვლა. გიორგი გახარიას პარლამენტში კანონმდებლებთან შეხვედრა კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში, ივნისში, რეგლამენტით მოუწევს.