18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
აშშ "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს - პომპეოს რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის მაგალითად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები მოჰყავს

შეერთებული შტატები "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის ერთ-ერთ მაგალითად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს.

"რუსეთმა უარი თქვა მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენების დაშვებაზე და ამგვარად ცდილობს ყალბი პრეტენზია განაცხადოს, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია," - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განმარტებით, შეერთებული შტატები 6 თვეში შეთანხმების მონაწილე აღარ იქნება, გადაწყვეტილება შესაძლოა იმ შემთხვევაში გადაიხედოს, თუ რუსეთი პირობების შესრულებას დაუბრუნდება. ოფიციალურ მოსკოვში შტატების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამერიკის დატოვების ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ.

"ღია ცის" ხელშეკრულება 2002 წლიდან ამოქმედდა და ის 35 წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებას გულისხმობს.

დღის ამბები