"ევროპული საქართველო" იმ ჯარიმების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დააკისრეს. პარტია ამ დრომდე მოქმედ შეზღუდვებს აბსურდულადაც აფასებს. პოლიტიკური პარტიის ლიდერები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასაც მოითხოვენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების დარღვევისთვის 5 700-ზე მეტი ადამიანია დაჯარიმებული, რაც, მისი თქმით, დიდ პრობლემას წარმოადგენს.
"ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ჯარიმები, რომელიც ამ უაზრო შეზღუდვებზე იქნა დაწესებული ჩვენს თანამოქალაქეებზე. მარტივი სტატისტიკა შეგვიძლია ვნახოთ: 4 000-ზე მეტი ადამიანი იქნა დაჯარიმებული კომენდანტის დარღვევისთვის და 1 700-ზე მეტი იქნა დაჯარიმებული მანქანაში შეზღუდვების დარღვევისთვის. ეს არის საკმაოდ დიდი ჯარიმები და ჩვენს მოქალაქეებს, უბრალოდ, ამის გადახდის საშუალება არა აქვთ. ამიტომ „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, ახლა ეს ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას," - აცხადებს სერგი კაპანაძე.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება, მოსახლეობას საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა გაუჭირდება. ბოკერიას თქმით, საკითხზე მუშაობა ახლავე უნდა დაიწყოს.
"მეორე საკითხია ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ქალაქებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სანამ ტაქსებზე კიდევ შეზღუდვები არის და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუხსნიათ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულ ადამიანებს და საშუალო კლასს არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფად არის დასაწყები ახლავე და არა გადადებით," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.