18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და არც ელემენტარული იურიდიული განათლება აქვს" - დებატები კანონპროექტზე

ცვლილებებს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში, რისი მეშვეობითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება, ოპოზიციის სრული სპექტრი ეწინააღმდეგება. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული თემის გარშემო მწვავე დებატები გაიმართა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ერთ-ერთი პუნქტის განხილვისას თქვა, რომ კანონპროექტის შემდგენელმა "ქართული არ იცის."

"რას ნიშნავს განსხვავებულად განისაზღვროს თანამდებობის პირები, მინისტრი სხვანაირად უნდა განსაზღვროს, პრემიერი სხვაგვარად, რას ნიშნავს ეს წინადადება? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და არც ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა და აღნიშნა, თუკი უკეთეს ფორმულირებას შესთაბვაზებენ, აუცილებლად განიხილავს და კანონპროექტში ასახავს. 

"საუბარია იმაზე, თუ ვინ აღასრულებს ამ მუხლს და კარანტინის წესს და მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს შესაბამისი უწყება, კონკრეტული მიმართულებით,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძეს, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამაც.

"ბატონო დიმიტრი, როგორც ჩანს, შეთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს აქვს აღებული და ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ის შეზღუდოთ ვადაში. დღეს თქვენ გვეუბნებით, რომ არ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი უვადოდ, მაგრამ მივიღოთ არაკონსტიტუციური კანონი 15 ივლისამდე. გეკითხებით, რა ლოგიკა შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იმისთვის, რომ ორივე ეს პრობლემა დარჩეს 15 ივლისამდე,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ხუნდაძემ ოპონენტებს მიმართა, რომ თუკი კანონპროექტის კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

დღის ამბები