მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება კონკრეტულ ლოკაციებზე დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - ასეთია კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, აღნიშნულ კანონს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო დოკუმენტად მოიხსენიებენ.
"თუნდაც იმ სახით, რა სახითაც არის წარმოდგენილი კანონპროექტი, არ მიმაჩნია გამართულად, რადგან არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციის მოთხოვნებთან. თუმცა, ბევრად დიდი საფრთხე და წინააღმდეგობა იქნებოდა, ეს რომ ყოფილიყო უვადოდ მოქმედი ნორმა და არა ერთთვიანი შეზღუდვა,"- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები გამოდიან ინიციატივით, რომ პრეზიდენტს მიმართონ წერილით გამოიყენოს ვეტოს უფლება.
"მისასალმებელია, რომ გუშინდელმა დებატებმა შედეგი გამოიღო, მაგრამ აღნიშნული კანონპროექტის დროში შეზღუდვა არ ნიშნავს მის შინაარსობრივ ცვლილებას. ის დღესაც რჩება ანტიკონსტიტუციურად და ცვლის საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარ პრინციპებს. ჩვენ ვამზადებთ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ წერილს და თხოვნას შესაბამისი არგუმენტაციით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენება და პირველად მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ვეტოზე მსჯელობა," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია და ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით გავა. დღესვე იქნება კენჭისყრაც.