იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხება, იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ორივე მათგანის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.
"მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი. არც პრემიერი არ გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დამყარდა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან ეს ორი ადამიანი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ კარგად ვუვლიდით, დადგა მათი გამოსვლის, პოლიტიკურად ჩემდა სამწუხაროდ, გარეთ გამოსვლის მომენტი, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ კონტექსტში გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.
"როდესაც ორი დამნაშავეა, როდესაც საზოგადოებას აქვს უფლება მათ მოსთხოვოს პასუხი, მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის გადაწვეტილება, ერთი მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 ა.შ. პატიმარი, რომლის შეწყალება დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის აზრით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არამარტო უსამართლო, ცოტა სახიფათოც იყო. რადგან საზოგადოებაში გააჩინა შიში, რომელიც ისეთ ისტორიულ ცნებასთანაა დაკავშირებული, „როგორიც არის „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
„მეორე არის ის, რომ ცოტა სახიფათო მომეჩვენა ეს გადაწყვეტილება და სიტყვებს ვზომავ და ვწონი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია ეთერში. ჩვენ რომ ახლა სადმე არაოფიციალურ გარემოში ვიყოთ და მე ეს სტატუსი არ მქონდეს, სხვანაირად ვიტყოდი. მაგრამ აქ და ახლა ვსაუბრობ, როგორც ვსაუბრობ და ვიტყოდი, რომ ეს იყო ცოტა სახიფათო. იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში ამან გააჩინა შიში და განცდა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ცნებასთან, როგორიც არის „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
და არის მესამე: არის თანამეგობრობის განცხადებები. ამ ჭრილში მე უკვე ვთვლი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მე ვერ ვუწოდებ გაუმართლებელს“, – თქვა წულუკიანმა.