ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რის შედეგად საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება. მარიამ ქვრივიშვილმა და არად ბენკომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების საკითხებიც განიხილეს.
"ავსტრიის ელჩთან საქართველოში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით თანამშრომლობა. ვისაუბრეთ იმ სავალდებულო რეგულაციების შესახებ, რომელიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ინერგება. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ბრძოლა COVID-19-თან მიმართებით. ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულები ვიქნებით, თუ ავსტრია ერთ-ერთი ის პირველი ქვეყანა იქნება, რომლის მოქალაქეებსაც როგორც ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
"ჩვენ ძალიან კონსტრუქციული და ინფორმატიული საუბარი გვქონდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ავსტრია გახსნის პროცესშია. საქართველოს მსგავსად ავსტრიის ცხოვრებაშიც ტურიზმს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. საქართველო ჩვენთვის ძალიან საინტერესო პარტნიორი ქვეყანაა. საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, შეინარჩუნა შემთხვევების დაბალი რაოდენობა და უზრუნველყო, რომ არ გავრცელებულიყო ვირუსი. ავსტრიაშიც მსგავსი სიტუაცია გვაქვს და ამიტომაც საქართველო პოტენციური პარტნიორია. საქართველოს ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყანა უფრო მეტად პოპულარული და ცნობადი გახადეს. მოუთმენლად ველით ტურიზმის გახსნას, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, მე პოზიტიურ შედეგებში დარწმუნებული ვარ," -აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.