18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
პანდემიის დროს ზიზღით მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო - კალაძე ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს

საიას მიერ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორს ამ კანონის გასაჩივრების უფლება აქვს. რაც შეხება ოპოზიციას, რომელიც ამ ცვლილებების წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა, თბილისის მერი პოლიტიკურ ოპონენტებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს:

"მათი უფლებაა და შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებებს და არა მხოლოდ ბოლო თვეების, მთლიანად მათი არსებობის მანძილზე, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან. ძალიან ცუდია, ცუდია პირველ რიგში მათთვის, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არა უშავს, საზოგადოება, ხალხი ყველაფერს ხედავს. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ პანდემიის დროს, ამ რთულ პერიოდში, როგორი ზიზღით მოიხსენიებდნენ  იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ 81 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. კანონს გუშინვე მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები