18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ეჭვქვეშ დაყენებული COVID სტატისტიკა - ქართველი ეპიდემიოლოგები სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეფასებას რჩევებით პასუხობენ

არადიპლომატიური შეფასება - ასე აფასებს საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკას.

უნდობლობის საფუძველი არსენ ტოროსიანის თქმით, ის ფაქტია, რომ სომხეთში საქართველოდან შესულ მძღოლებს ტესტირებას უტარებენ და უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ადგენენ. ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერიდან მინისტრს შეახსენა, რომ ასეთ შემთხვევაში სომხეთის დაავადებათა კონტროლს ინფორმაცია საქართველოსათვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მომხდარა.

არსენ ტოროსიანმა საკუთარი ეჭვების შესახებ საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის მართვის და მკურნალობის მეთოდოლოგიის განსხვავებებზე საუბრისას განაცხადა. სტატისტიკის წარმოების მეთოდიკის გარდა, მინისტრს აინტერესებს, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ.

არსენ ტოროსიანისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს თენგიზ ცერცვაძე. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, რომ საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა სომხეთის სისტემაზე ძლიერია. სტატისტიკა ევროპული სტანდარტით, გამჭვირვალედ წარმოებს და სადიაგნოსტიკო გამოკვლევა მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით ხდება.

ჯერჯერობით უცნობია, მსჯელობა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარებზე მედიკოსთა შორის დისკუსიით დასრულდება თუ ტოროსიანს ოფიციალური თბილისიც უპასუხებს.

დღის ამბები