"შაბათის კურიერი" სტუმრებს განსხვავებულ გარემოშიც მასპინძლობს. გურამ როგავას პირველი სტუმარი დედაქალაქის მერია. კახა კალაძესთან ინტერვიუ დედაქალაქის ქუჩებში სკუტერით სეირნობის დროს შედგა.
სწორედ სკუტერების ფასს უკავშირდებოდა ჟურნალისტის პირველი კითხვაც. დედაქალაქის მერი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სკუტერების მომსახურების სერვისი ძვირია. კახა კალაძის თქმით, პირიქით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით სერვისის საფასური გაცილებით იაფიც კია.
"ეს არ არის ტრანსპორტი ყველა ადამიანისათვის, ყველა ადამიანი ამით ვერ ისარგებლებს და არ უნდა ისარგებლოს, ვთქვათ მამაჩემის ასაკის ადამიანი ამით ვერ გადაადგილდება, ამისთვის არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი," - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია აპირებს ველოსიპედების შემოყვანასაც და იმედი აქვს, რომ ეს პროექტი დიდი პოპულარობით ისარგებლებს.
ჭავჭავაძის გამზირზე სკუტერებით გადაადგილებისას ჟურნალისტის და რესპონდენტის პირველი გაჩერების ადგილი საავტომობილო გზის შუაში მოქცეული მგზავრების მოსაცდელი იყო, რომელმაც დღეს მოქმედი მოძრაობის წესების პირობებში საზოგადოებაში ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია.
კახა კალაძის თქმით, ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით ფრანგულმა კომპანიამ კვლევა ჩაატარა და დედაქალაქის მერიაც სწორედ ამ კვლევის მიხედვით მოქმედებს. კალაძის თქმით, ავტობუსებისთვის მოძრაობის მიმართულება განსხვავებული იქნება:
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება გაჩერებების შუა ნაწილში გაკეთებაზე, იმიტომ რომ საავტობუსე ზოლები იქნება გამზირის შუა ნაწილში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ჩამოვიდეს მგზავრი, ავტობუსები იმოძრავებენ საპირისპირო მიმართულებით და გადანაწილება მოხდება მელიქიშვილის დასაწყისში," - აღნიშნა კალაძემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხვდნენ მგზავრები გზის შუაში მოქცეულ გაჩერებასთან, დედაქალაქის მერი ამბობს რომ გაჩერებებთან შესაბამისი ზებრა-გადასასვლელები იქნება. ამასთან კალაძე ამბობს, რომ გაჩერებები აღჭურვილი იქნება USB დამტენებითაც.
დედაქალაქის მერთან ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ვითარებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის სამარშუტო ტაქსების მდგომარეობასაც. კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ისეთი მოწესრიგებული და ახალი, შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს," - აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიას გამოეხმაურა და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რეაბილიტაციის გახანგრძლივება სამუშაოების დროს დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია.
დედაქალაქის მერმა რამდენიმე ხნის წინ გაჟღერებულ ინიციატივაც ახსენა შაბათ-კვირას ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეებთან ერთად საკმაოდ ბევრი მხარდამჭერიც გამოუჩნდა. კალაძის თქმით, ამ იდეას დახვეწა და საზოგადოების ჩართულობა სჭირდება და მისი განხორციელება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ეკოლოგიისთვის.
დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორ კომპანიებთან არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობისას, რადგან არ არის სამშენებლო კულტურა განვითარებული და მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისია.
სკუტერებით გადაადგილებისას კახა კალაძეს მოქალაქის კითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა, თუ როდის აღდგებოდა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების ფარგლებშია შეჩერებული.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების მითითებებზე იქნება დამოკიდებული.
"არ უნდა გავთამამდეთ, ნახეთ რა ხდება ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ," - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერთან ინტერვიუს პოლიტიკური თემების გარეშე არ ჩაუვლია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალებასაც გამოეხმაურა. კითხვაზე, იყო თუ არა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.
"ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ არ დაიჯერა, ვიღაცამ სპექტაკლი უწოდა, მაგრამ რეალობა არის ის, რაც მოხდა. მოხდა ის, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და ამის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ მას," - განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა პასუხისმგებლობის წილი ოპოზიციაზეც მოდის:
"ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა გავიდეს მოსახლეობასთან, წარუდგინოს თავიანთი ხედვა, კონცეფცია, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა, სიმშვიდეში, სტაბილურობაში და არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა, ასევე ეკისრება ოპოზიციასაც," - აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ ველსაც შეეხო და განაცხადა, რომ დეპოლარიზება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა სერიოზულ პრობლემას უპასუხისმგებლო ოპოზიცია ქმნის.
"პოლარიზებულია სამწუხაროდ და ეს ცუდია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც სერიოზული პრობლემაა, მე როგორც პოლიტიკოსს და მმართველი პარტიის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, ჩემთვის კომფორტულია ისეთი ოპოზიციის ყოლა, როგორიც დღეს გვყავს ქვეყანაში, მაგრამ მე ხომ არ უნდა გამოვიდე მხოლოდ ჩემი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, არიან პოლიტიკოსები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ოპოზიციაში იყვნენ," - განაცხადა კახა კალაძემ, თუმცა მას პოლიტიკოსების სახელები არ დაუკონკრეტებია.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მომავალ კრიტიკაზე დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ამ მხრივ მმართველ გუნდს ბევრი სამუშაო აქვს, რადგან შესაბამისად არ მოხდა მათთვის რეალობის მიწოდება:
"ეს ძალიან ცუდია და ამას სჭირდება ახსნა-განმარტებები, მათ შორის, მათი მხრიდან, ვინც ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად აფასებს. ჩვენი მხრიდანაც არის სამუშაო, ჩვენი სისუსტეც არის, რომ შესაბამისმა ადამიანებმა, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ვერ შევძელით რომ მიგვეწოდებინა რეალობა. მე მგონი, საქართველოში ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც სჯერა, რომ მაგალითად, უგულავა არის პოლიტპატიმარი. ადამიანი, რომელმაც 48 მილიონი მოპარა ბიუჯეტს, ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ, ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური კულტურა და მორალი არ არსებობს, არ ვართ ჯერ მისული ამ დონემდე, მაგრამ ამ ყველაფერს გამოასწორებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით," - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან განსხვავებული ფორმატის ინტერვიუ ღამის ეკონომიკაზე საუბრით დასრულდა. კალაძის თქმით, უწყება, რომელიც ღამის ეკონომიკას კურირებს, არის შუამავალი რგოლი, რომელიც პირდაპირ ურთიერთობს ამ სექტორში მომუშავე დაწესებულებებთან. თბილისის მერის თქმით, კორონავირუსმა ამ სფეროს დიდი ზიანი მიაყენა.
კახა კალაძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ამ სფეროს მხარდასაჭერად სპეციალური დახმარების პაკეტის წარდგენა მოხდება.