ხელისუფლების დანაწილების ტრადიციებში დროებითი ცვლილებებია, თუმცა ეს ცვლილებები, რომლის ვადებიც განსაზღვრულია, ბევრისთვის მაინც იმდენად საგანგაშო აღმოჩნდა, რომ საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდეც მივა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტები სარჩელს უკვე ამზადებენ და ის ბათუმს ორშაბათს გადაეგზავნება. თუ მოსამართლეები საქმეს წარმოებაში მიიღებენ, მათ იმის დადგენა მოუწევთ, კონსტიტუციური იყო თუ არა პარლამენტის თანხმობა იმაზე, რომ მთავრობამ შეზღუდვები საკუთარი ნებით დააწესოს, თუნდაც 15 ივლისამდე. საია ერთადერთი არაა, ვინც ამაში საფრთხეებს ხედავს. არასამთავრობო სექტორში ადამიანების თავშეყრის, გადაადგილების, შრომისა თუ საკუთრების უფლებებში უხეშ ჩარევებს პროგნოზირებენ.
იმას, რაზეც მესამე სექტორი საუბრობს, იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე მწვავე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, ზოგმა ბოიკოტიც კი გამოაცხადა. ასეთი იყო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები", რომლებმაც კანონის შესაჩერებლად პრეზიდენტსაც კი მისწერეს ვეტოს გამოყენების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. სხვებს გუშინდელივით დღესაც მიაჩნიათ, რომ კანონი არადემოკრატიულია და მისი მიღება საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო უმრავლესობაში სახელისუფლებო შტოებს შორის იერარქია ასე ესმით, რომ მართალია პოლიტიკას ისინი განსაზღვრავენ, თუმცა მას მთავრობა აღასრულებს - ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი დაკვირვების ან ჩარევის უფლებას მოკლებულია. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რისკების დაზღვევას შეძლებენ. ის კი, რასაც ოპოზიცია და მესამე სექტორი ითხოვდა, მმართველი გუნდის აზრით, გონივრული არ იყო და არგუმენტებიც აკლდა. გარდა ამისა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციებით კანონი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა.
დაირღვა თუ არა ბალანსი ორ სახელისუფლებო შტოს შორის? - ამას მესამე შტო გაარკვევს, თუ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო საქმით დაინტერესდება. თუ ეს ასეც მოხდა, მაშინ საქმის განხილვები, სულ მცირე, 15 ივლისამდე უნდა დაიწყოს.