ქვეყნის საარჩევნო მომავალი კვლავ გაურკვეველია. მიმდინარე კვირაში კი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა უნდა დაიწყოს.
8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების მხარდასაჭერად ოპოზიციას საკუთარი პირობა აქვს. მმართველი გუნდი კი ვარაუდობს, რომ პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს.
"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შეთანხმება თუ არ შესრულდა - მისი ორივე ნაწილი და დარჩენილია ახლა სულ მცირე, გიორგი რურუას გამოშვება, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვებში, არ მივცემთ ხმას. მიიღებენ ესენი, როგორც ვატყობ და აქვთ საკმარისი ხმა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება კონსენსუსზე და ერთიანობაზე დაფუძნებული. კვლავ დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.