ორკვირიანი კარანტინის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა. თეიმურაზ შარაშენიძე დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელებს, როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. ელჩი ასევე ისაუბრებს, რამდენად იყო ინფორმირებული უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლების განწყობაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
თეიმურაზ შარაშენიძისთვის უცნობია, შეიცვლის თუ არა ის დიპლომატიურ მისიას, ან რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამბობს, რომ ეს არის საგარეო უწყების კომპეტენცია, მას ვერ ექნება ამაზე პასუხი.
კონსულტაციები, რომელიც დღეს იწყება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე, მიზეზი თქვენთვის კარგადაა ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა საკითხი სკრუპულოზურად იქნება განხილული," - აცხადებს ელჩი.
დიპლომატი ვერ ადასტურებს, განაგრძობს თუ არა უკრაინაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობას. მისი თქმით, ეს მისი კომპეტენცია არ არის და შეკითხვა ხელმძღვანელობას ეხება.ამის შესახებ კი კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
ელჩი არ იზიარებს კრიტიკას იმის თაობაზე, რომ საელჩომ არაოფიციალურ დონეზე ვერ იმუშავა და დიპლომატიური უხერხულობის თავიდან არიდება ვერ შეძლო. მისი თქმით, საელჩომ ყველა შესაბამისი ზომა მიიღო.
"რაც ჩამოვედი, სულ ამას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინაში, მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ კონსულტაციებს. უკრაინამ ჩვენი პროტესტი, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაკვირვებია,"- აღნიშნა დიპლომატმა.
თბილისში დაბრუნებამდე ქართველი დიპლომატი უკრაინის საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა წარადგინა და ოფიციალური თბილისის პოზიცია დააფიქსირა.