პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, უკრაინაში ელჩის დაბრუნების თარიღი, უკრაინული მხრიდან მომავალში გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველოს და უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.
"ელჩის მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები და თავისთავად დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს. თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით იმ ნაბიჯებს, რასაც გადადგამენ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები და აქედან გამომდინარე, იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოს და უკრაინის სტაბილურ პარტნიორობას, ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობას არაფერი ემუქრება. ვერც ერთი და ვერც 150 სააკაშვილი ამ ურთიერთობას არ დააზიანებს," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თეიმურაზ შარაშენიძე ჯერჯერობით თბილისში რჩება და უცნობია, როდის გააგრძელებს ის საკუთარ საქმიანობას. კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, 8 მაისს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.