ევროპული გამოცემა Euroactiv საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს.
"დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს იმ მსხვერპლის შესახებ, რომელიც ჩვენმა გმირებმა თავიანთი ქვეყნისთვის გაიღეს. ის შეგვახსენებს, რომ თავისუფლება "თავისუფლად" არ მოდის და ის ძნელად, ხშირად სიცოცხლის დათმობის ფასად მოიპოვება. სწორედ ამიტომ, 29 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველო ინარჩუნებს უკიდურეს სიფხიზლეს, როდესაც საქმე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეხება," - აღნიშნავს დავით ზალკალიანი.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა და ორიენტაცია, რაც ქართველი ხალხის შინაგანი მისწრაფებაა და ის ოდითგანვე განსაზღვრულია. როგორც მინისტრი წერს, ევროპელობა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობების, ღირებულებებისა და ცხოვრებისეული პრინციპების გაზიარებას ნიშნავს.
"სწორედ ამიტომ, საბჭოთა რეჟიმისგან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველო განუხრელად განამტკიცებდა იმ ღირებულებებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცნობიერებაში ევროპასთან ასოცირდება, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ძლიერი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას.
დღეს კი, როდესაც საქართველომ უკვე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცესაც მოიცავს და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აამოქმედა, საქართველო და ევროპა განუყრელ პარტნიორებად იქცნენ. "ამ პარტნიორობას თავისი მიზანი აქვს და საქართველოს მთელი თავისი რესურსები ამ მიზნის მიღწევისკენ აქვს მიმართული," - აცხადებს დავით ზალკალიანი.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა და ღირსეული პარტნიორია, რომლის წვლილსაც საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს.
"საქართველო განვითარებაზე, პროგრესსა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რასაც ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც მთელ მსოფლიოში წარმატების მაგალითადაა აღიარებული. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიის დამარცხების შემდეგ საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრებს გახსნის. ტურიზმის განახლებისა და პანდემიის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე საქართველო იმავე წარმატებით იმოქმედებს, როგორც პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც დროულად შემუშავდა მოქმედების გეგმა და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. საქართველომ წარმატებით შეაკავა ვირუსის გავრცელება და ის ჯილდოდ წარმატებულ ზაფხულს იმსახურებს" - აღნიშნავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასაც და პანდემიის პირობებშიც კი, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების მიმართულებით.
"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიის შედეგების აღმოფხვრითაა დაკავებული, რუსეთი დროს არ კარგავს და საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში კვლავ დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებს - გრძელდება მილიტარიზაცია, ირღვევა ადამიანის უფლებები, მძიმდება ჰუმანიტარული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას და მის უსაფრთხოებას. აღნიშნულის საპასუხოდ, საქართველო მტკიცედ ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პოლიტიკას, რომელიც შერიგებასა და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების სიკეთეების გაზიარებას ემყარება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკისა და ეფექტიანი მმართველობის და ბევრ სხვა სფეროში გატარებულმა ფუნდამენტურმა რეფორმებმა საქართველოს მთავრობას ბრწყინვალე რეფორმატორის რეპუტაცია დაუმკვიდრა," - აღნიშნავს დავით ზალკალიანი გამოცემა Euroactiv-ის სტატიაში.