პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებს და სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრემიერის თქმით, ქვეყნის მიზანია გამთლიანება მშვიდობიანი გზით.
"მოგესალმებით ბატონო ოფიცრებო და რიგითებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს და ბატონ მინისტრს.
ბატონებო, უდიდესი პატივია გქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას.
მინდა განსაკუთრებით მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას. რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ასევე, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რიკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა.
ბატონებო 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ბევრი თაობები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განხორციელებისათვის იბრძოდნენ, შრომობდნენ. ბევრმა მათგანმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს მათი დამსახურებაა. ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს.
დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ეფექტური თანამშრომლობის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია.
უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება. ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით. ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს დიდი წვლილი. ჩვენი ქვეყნის წარსულზე დაყრდნობით, ჩვენს ტრადიციებზე დაყრდნობით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით უნდა ვიყურებოდეთ წინ. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.