18 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა - აუდიტის დასკვნა

243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. უწყებამ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, დაბალი ათვისებით ხასიათდება, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებაში ამ 11 საინვესტიციო პროგრამის გარდა, რომელთა გრაფაშიც შესრულების ნაწილში არის მითითებული 0%, აუდიტის სამსახური ასევე კიდევ 27 პროექტზეც საუბრობს, სადაც სამსახურის განმარტებით, თანხების ათვისება, რომელიც ამ პროექტების დასაფინანსებლად  საგარეო ვალის ფარგლებშია გათვალისწინებული, 70%-ზე ნაკლებია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, ამ ყველაფრის შედეგად, მაგალითად 70%-მდე შესრულებულ 9 პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარის გადახდა განხორციელდა. 

სახელმწიფო აუდიტი უწყებებს, რომლებსაც ვალდებულება აქვთ აღებული საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე, მიუთითებს, რომ სესხების ეფექტიანი და დროული ათვისება აუცილებელია.

"2019 წელს საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა (Commitment Fee) 4.8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან, 70%-ზე დაბალი ათვისების 9 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 1.2. მლნ ლარია.

მნიშვნელოვანია პროექტების განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება და ასევე, გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა არსებული პროექტების ფარგლებში, დამატებითი სესხების მოზიდვის საჭიროებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯებისა და დროში გაჭიანურებული ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა," - აღნიშნულია დასკვნაში.

დღის ამბები