პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ხვალ პრემიერ-მინისტრისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და განვლილი პერიოდის შესახებ ხედვას მოისმენენ. მათ შორის, ეკა ბესელიას თქმით, აინტერესებთ პრემიერის ხედვა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც 15 ივლისამდე მოქმედებს - საუბარია დაჩქარებული წესით მიღებულ შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე.
როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი "დღის კურიერში" სტუმრობისას ამბობს, მისი კითხვების უმეტესობა სწორედ პანდემიის, მასთან ბრძოლისა და ანტიკრიზისული გეგმისკენ იქნება მიმართული.
"მნიშვნელოვანი იქნება ალბათ, რადგან ეს ანგარიშია და არ არის დავიწროებული პრემიერის გამოსვლა მხოლოდ კონკრეტული საკითხებით, რაც ინტერპელაციისგან განასხვავებს ამ პროცედურას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრული ხედვა უნდა მოვისმინოთ პრემიერის, როგორც განვლილ პერიოდზე, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდგომ ეტაპზე, ოქტომბრამდე, როდესაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, შემაჯამებელი არჩევნები მოდის.
რა არის მთავრობის ხედვა, როგორ ემზადება მთავრობა შემოდგომისთვის, როდესაც იქნება გაცილებით უფრო რთული, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. რთული იქნება ეკონომიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა გაუჭირდა და ვერანაირ პაკეტში ვერ ხვდება სოციალური დახმარების, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რჩებიან ყოველგვარი დახმარების მიღმა და ასევე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით 15 ივლისამდე მოქმედი კანონი, რომელმაც გამოიწვია ესეთი დიდი ვნებათა ღელვა, რატომ სჭირდება მთავრობას ეს, ანუ რომელი უფლებების შეზღუდვას აპირებს," - აცხადებს ეკა ბესელია.