საქართველოს მიერ "გაზპრომთან" ხელშეკრულების განახლებას ექსპერტები ეხმაურებიან. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულება გარკვეულ რისკებთან ყოველთვის იყო დაკავშირებული და არც განახლების პროცესია გამონაკლისი. სპეციალისტები ისევ ითხოვენ ხელშეკრულების გასაჯაროებას.
ენერგოექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ კომერციული მიზეზით დოკუმენტის გასაიდუმლოება გაუგებარია.
"მთავარი პრობლემა "გაზპრომთან" დაკავშირებული არის, რომ "გაზპრომმა" არ გამოიყენოს ჩვენთან ურთიერთობა პოლიტიკური მიზნებით, ეს უნდა დარეგულირდეს იმით, რომ შეზღუდული იყოს ეს მოცულობა და აუცილებელი პირობაა, რომ იყოს გამჭვირვალე. საერთოდ, "გაზპრომი" არის სახელმწიფო კომპანია, ჩვენი მხრიდანაც არის სახელმწიფო კომპანია და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, ვისთვის არის კომერციული საიდუმლო, ცოტა ძნელი გასაგებია. მინიმუმ უნდა იყოს ცნობილი და ჩამოყალიბებული პრინციპები, რა პრინციპების საფუძველზეც ხდება ამ ხელშეკრულების დადება,“ - აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, მურმან მარგველაშვილი.
დემურ გიორხელიძე კი ამბობს, რომ დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს ვარაუდის საფუძველი, რომ რუსეთმა ეს, შეიძლება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
“დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს ისეთი რამ, რომ რუსეთმა ეს შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ჯერ ერთი, ჩვენ სხვა სტატისტიკასაც უნდა დავაკვირდეთ. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა საკმაოდ დიდია. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებულ პოლიტიკურ რისკებზე საუბარი დღეს ალბათ უბრალოდ არ იქნება გამართლებული, იმიტომ რომ სიტუაცია არ არის შესაბამისი. რა თქმა უნდა, საქართველო არ არის რუსეთზე ჩამოკიდებული, იგივე ნავთობით ან გაზით და ა.შ. მას აქვს საკმაოდ კარგი ალტერნატივები, ამიტომ მთავრობის საქმეა, თუ როგორ მოახდენს დივერსიფიკაციას მოწოდების,“ - განაცხადა დემურ გიორხელიძე.
საქართველომ გაზპრომთან ხელშეკრულება განაახლა. დოკუმენტის შინაარსი ისევ უცნობია, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთი დეტალი გაახმოვანა. მინისტრის განმარტებით, რუსულ კომპანიასთან განახლებული პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.
კონკრეტული ციფრები, თუ რამდენით შემცირდა ტარიფი უცნობია, თუმცა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი განმარტავს, საუბარია 15%-იან შემცირებაზე.