პარლამენტი მწვავე პოლიტიკური დისკუსიის მოლოდინშია. საკანონდებლო ორგანოში დღეს გიორგი გახარიას ელოდებიან. პრემიერი დეპუტატებს გასული 2 თვის ანგარიშს საკუთარი ინიციატივით აბარებს. საუბრის ძირითადი თემები COVID-19-თან ბრძოლა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა იქნება. სწორედ ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას, კორუფციას, სიღარიბის დაძლევის გზებსა და საარჩევნო კოდექსზე განხილვებს შეეხება ოპოზიციის მწვავე შეკითხვებიც.
"ჩვენი კითხვები ძირითადად იქნება სიღარიბეზე და სიღარიბის დაძლევის გეგმაზე, რომელიც რეალურად ხელისუფლებას არ გააჩნია. 3 თვე გავიდა რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა და დღემდე დახმარების არცერთი თეთრი საქართველოს მოქალაქემდე არ მისულა", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების სიმცირეზე და დაგვიანებაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანიც.
"პრემიერმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ არის დახმარება დაწყებული, რატომ იგვიანებს და არ მოიცავს გაცილებით ფართო საზოგადოებრივ ფენებს, რომელთაც დღეს უჭირთ," - აღნიშნა სერგო რატიანმა.
დამოუკიდებელ დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის კი ყველაზე აქტუალური ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით არსებული კითხვებია:
"ეს პროცედურა პარლამენტის ყველა წევრს აძლევს შესაძლებლობას, რომ დისკუსიაში ჩაერთოს , განსხვავებით ინტერპელაციისგან. კითხვები არის ბევრი მიმართულებით, მათ შორის ახლა ყველაზე აქტუალურია ეკონომიკური თემები და ის ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ველოდებით პანდემიის გამო,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კითხვები აქვს უმრავლესობასაც, თუმცა მმართველ გუნდში თვლიან, რომ მთავარი ამ ეტაპზე არის ის, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა და საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც საქართველოს იმიჯი აამაღლა:
"შეკითხვები მართლაც ბევრია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერ, რაც შეეხება ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროს, შესაძლო საბიუჯეტო ცვლილებებს. ამ თემებთან დაკავშირებით ექნება პრემიერს საუბარი,"- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.