პრემიერ-მინისტრის განცხადებით აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების რისკი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ტრანსპორტისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს გახსნის შესახებ ისაუბრა:
"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.