"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერს დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყნის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეუთანხმებლობა და დაინტერესდა, რატომ არ აქვს მთავრობას ინტერესი, ეს საკითხი დაიხუროს.
გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული ლობისტების წერილში, რომელიც მათ აშშ-ში გაგზავნეს, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ნაბიჯი გადადგა შეთანხმების შესრულებისკენ, რაც, მისი თქმით, შეთანხმების ამ ნაწილის აღიარების ტოლფასია.
"ცოტა ხნის წინ ვნახე თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი შეერთებულ შტატებში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან: ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს, ეგ ითვლება სამარცხვინო და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ამბად. ლობისტმა, შეიძლება, გირჩიოთ როგორ ილაპარაკოთ, რა სტრატეგია შეიძლება გქონდეთ, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ, წერილი, რომელსაც ქვემოთ "ქართული ოცნების" ლოგო არტყია, იწყება ასე: "რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარიო", ანუ, აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ. თან, თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით, კი ბატონო, გამოშვება არ გინდათ და გინდათ, კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით, როდის იტყუებოდით - ამ წერილის დროს, ახლა, გუშინწინ, ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი, რურუას თუ სხვების შემთხვევაში,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება და ისმენს დეპუტატების კითხვებს, რომელთაც მოგვიანებით უპასუხებს.