18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
მნიშვნელოვანია ორი თემა - შემოდგომისთვის როგორ ვემზადებით და სიღარიბის პრობლემა - გიორგი ვოლსკი პრემიერის ანგარიშზე

პრემიერის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ დასვა კითხვები, სადაც ნათლად ჩანდა მთავრობის კრიტიკა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ ვერ მოისმინეს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე პასუხი და ამას არც შემდეგში ელოდებიან. 

მთავრობის წარმომადგენლები კი, პრემიერის პასუხებამდე ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრობენ. გიორგი ვოლსკი ოპონენტების ზოგიერთ შეკითხვას საინტერესოს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ბევრი "უზნეო გამოხტომაც" დაფიქსირდა. 

"უნდა ვაღიარო, რომ როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც ბევრი საინტერესო შეკითხვა იყო. თუმცა, ამავდროულად სამწუხაროდ, ყოვლად უზნეო გამოხტომაც დაფიქსირდა. ეს კი არის იმ ინფორმაციის გადაფარვისთვის, რაც ჩვენ მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზისას, სადაც იმ საშინელ დანაშაულებებზეა საუბარი, რაზეც სახელმწიფო ვალდებულია გარკვეული კომპენსაციები გადაიხადოს. ეს არის პოლიტიკური ძალა, ვისი სიმბოლოც გახდა ის ყავარჯნიანი კაცი თუ როგორ აუპატიურებს ადამიანს, ზოგადად ამაში გაითქვიფა ოპოზიციის საინტერესო საკითხები. წინ კი საინტერესო განხილვებია.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ორი თემა - შემოდგომისთვის როგორ ვემზადებით, რა გამოცდილება შეიძინა მთავრობამ და მეორე, საგანგებო მნიშვნელობის თემა - სიღარიბის პრობლემა, რომელიც საქართველოს ისედაც საკმაოდ სერიოზულად აწვა. მომავალში ამ მხრივ მეტი ენერგია უნდა იყოს დახარჯული. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნება დაზუსტებები პრემიერს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები