პარლამენტში პრემიერის გამოსვლის შემდეგ, სასესიო დარბაზში მიკროფონი ფრაქციების, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს დაეთმოთ. იყო ათეულობით კითხვა. ოპოზიციას აინტერესებდა ბევრი სხვადასხვა თემა, მათ შორის - ქვეყნის ანტიკრიზისული გეგმა, დახმარებები, თანხების განაწილება, კომპენსაციები, ფასების მატება პროდუქტებზე.
კითხვები დაისვა, ასევე, შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, პოლიტიკურ კრიზისზე. ოპოზიციამ ისაუბრა 8 მარტის შეთანხმებაზეც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებისგან წამოსული კრიტიკაზე. მიაყენებს თუ არა ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს დარტყმას ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მოქმედებები და მათი განცხადებები, ოპოზიციას აინტერესებდა, რატომ იკლებს ქვეყანაში ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემის მზაობა კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის და 9 კლინიკის ხელმძღვანელის მიმართვა, რომლებიც 520 დადგენილების გადახედვას ითხოვენ.
კითხვები ჰქონდა უმრავლესობასაც, ხომ არ გეგმავს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას, რატომ ვერ მოხერხდა, რომ მთავრობა ბიუჯეტის პროექტით მისულიყო პარლამენტში, ტურისტულ კომპანიებში დასაქმებულების პრობლემები, ასევე, რა პირობებში მოხდება საზღვრების გახსნა ქვეყანაში და მომატებული ფასები მედიკამენტებზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პრემიერს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ჩამოიწეროს ის 3000 ლარიანი ჯარიმები, რომელიც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით ასეულობით მოქალაქეს დაეკისრა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი რომან კაკულია დაინტერესდა, რატომ არ წარმოადგინა პრემიერმა მთლიანი ბიუჯეტი და რაიმე პრობლემა ხომ არ დგას ამ მიმართულებით. რომან კაკულიას კითხვა, ასევე ეხებოდა იმ ფონდს, რომელიც კორონავირუსის კრიზისის გამო შეიქმნა. დეპუტატმა მოითხოვა დამატებითი განმარტება, თუ როგორ დაიხარჯება ფონდში შეგროვებული ფული.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილის კითხვა კი ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეთანხმებას ეხებოდა. დეპუტატს აინტერესებს პრემიერისგან მოისმინოს პასუხი კითხვაზე, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა დააზიანებს თუ არა ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს.
"8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილი, დიახ, არის პოლიტპატიმრების და, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან, ამ შეთანხმების ჩაშლა მიაყენებს თუ არა დარტყმას თქვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მაშინ, როდესაც თქვენ ხართ სასიცოცხლოდ დამოკიდებული და ჩვენი სახელმწიფოც არის სასიცოცხლოდ დამოკიდებული იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს,"-მიმართა სალომე სამადაშვილმა პრემიერს.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, გადახედავს თუ არა მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად 520-ე დადგენილებას, რომელმაც, მისი თქმით,პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა კი საჭიროდ ჩათვალა აღენიშნა, თუ როგორ წარმატებით უმკლავდება მთავრობა პანდემიას და მიუთითა, მისი თქმით, "დესტრუქციულ ოპოზიციას,"რომლებმაც მთავრობის მიმართ მადლიერება არ გამოხატეს.
ამასთან, დამოუკიდებელმა წევრმა ნატო ჩხეიძე დაინტერესდა, რა დახმარებას ჰპირდება მთავრობა ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, როგორ დაეხმარება სამედიცინო მუშაკებს და რატომ აკრძალა წიგნების სახლში მიტანის სერვისი.
"სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი"-მიმართა დეპუტატმა პრემიერს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია პარლამენტში იმყოფება და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.