"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოქალაქეებისთვის 3 000 - ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს. პარტიის ინფორმაციით, ჯამში მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი.
დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ ჯარიმების გაუქმების თაობაზე მთავრობას წინა კვირას მიმართეს, თუმცა, ამაზე რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ ინიციატივა პარლამენტში კანონპროექტის სახით დაარეგისტრირეს.
"დაახლოებით, 25 მილიონ ლარზე მეტი იქნა ჯარიმების სახით დაწერილი საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ წინა კვირაში მთავრობას იმისათვის, რომ ეს ჯარიმები ყოფილიყო ჩამოწერილი. ამაზე რეაქცია მთავრობის მხრიდან არ მოგვისმენია.
დღეს ჩვენ პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ამ ჯარიმების ჩამოწერას საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ეს კანონპროექტი ჯერ ბიუროზე გავიტანოთ, შემდეგ კომიტეტებზე, ამაზე მოეწყოს დისკუსია და საბოლოოდ პარლამენტმა გადაწყვიტოს, ამ ადამიანებისათვის ამ ჯარიმების გადახდევინება არის თუ არა სამართლიანი," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ჯარიმების თემა ყველაზე არაპოპულარული საკითხია, თუმცა დისკუსია ამ საკითხზე საინტერესო იქნება.
"ჯარიმების თემა არაპოპულარული თემაა ეს ყველამ კარგად იცის და რა საკვირველია თუ გინდა პოპულისტობა, სწორედ ამ გზით უნდა წახვიდე, ეს პოლიტიკაში გასაგებია. სამწუხაროდ ჯარიმების მექანიზმიც დაგვჭირდა. რა გავლენას მოახდენს ეს და რა შედეგამდე გაგვიყვანს იმაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რა პოლიტიკურ დივიდენდს მოიტანს. მსჯელობა რა საკვირველია საინტერესო იქნება ამ საკითხზე," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.