საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ნაკადის შემოსვლის შესახებ, პარლამენტში გამოსვლის დროს, გარკვეული განმარტებები გააკეთა. მან იმ აუცილებელი პირობების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში შემომსვლელმა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის - აქ საუბარია არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსნათ და ხალხი უკონტროლოდ შემოვუშვათ ქვეყანაში. არა, ჩვენ ამ დროს ვსაუბრობთ კონკრეტულ, სუფთა დერეფნებზე. გუშინ საუბარი მქონდა ისრაელის პრემიერთან ზუსტად ამ თემაზე. მათგან დაინტერესება ძალიან დიდია, ოღონდ ამასთან ერთად, აინტერესებთ როგორია ჩვენი მენეჯმენტი. როგორ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას ვირუსის გავრცელებისგან, განსაკუთრებით მეზობელი სახელმწიფოების ფონზე, სადაც რთული ვითარებაა. ამიტომ, ჩვენ სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს იმის, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმარი რისკის ქვეშ არ დადგება. იქნება მწვანე კორიდორები. ამის პროტოკოლი უკვე დამუშავებულია ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში.
მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე COVID პასპორტის თემას განიხილავენ, ჩვენ ქვეყანაშიც შევქმნით ამ ტესტების აღების შესაძლებლობას, თუ ისეთი შემთხვევები იშვიათი გვექნება, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ამგვარი ტესტი არ ექნება. თუმცა, ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში მხოლოდ მაშინ შემოვლენ, როდესაც ასეთი წესი იქნება დაცული. გარდა ამისა, ეს ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ექნებათ ნებართვა მიღებული, შემოწმების შემდეგ მიიღონ ტურისტები. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ტურიზმის სექტორსა და ბრენდს რისკის ქვეშ ვაყანებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.