პრემიერმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში კოლეგების კითხვებზე პასუხისას, ვირუსის მოსალოდნელ მეორე ტალღაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ შემთხევაში ჯანდაცვის სისტემა მზად ორი რამისთვის უნდა იყოს:
"თუკი ჩვენ ინფიცირებულების გარკვეული რაოდენობა გვექნება, ჯანდაცვის სისტემა მზად ორი რამისთვის უნდა იყოს: სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა, ამისათვის შექმნილი იქნება ლაბორატორიების ქსელი და ასევე, გამოვლენის შემდეგ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც მეორე ტალღის არსებობის შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების არსებობას გამორიცხავს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ ეხმარება სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას ფინანსურად და რა ცვლილებები უნდა შევიდეს 502-ე დადგენილებაში :
"502-ე დადგენილება არის რთული, თუმცა უკიდურესად საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა უფრო მდგარი და დაბალანსებული იყოს. ამიტომ, ამ დადგენილების გადახედვაზე დღეს საუბარი არ არის, იქ შესაძლოა მხოლოდ გარკვეული ცვლილებები შევიდეს, ეს არის და ეს.
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, დეველოპმენტისა და მშენებლობის სექტორის დახმარების შემდგომ, შემდეგი სექტორალური ანტიკრიზისული გეგმა იქნება სწორედ ჯანდაცვის სისტემა" - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.