საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ჩინეთიდან ბიზნესის გადმოტანა რეალისტურია იმის გათვალისწინებით, რა დონის თავისუფალი ვაჭრობის პორტფელი გააჩნია ჩვენს ქვეყანას. გიორგი გახარიას განცხადებით, მიწოდების პროცესი ეკონომიკაში ერთმნიშვნელოვნად შეიცვლება.
"რეალისტურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ და ვითვალისწინებთ იმ თავისუფალი ვაჭრობის პორტფელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ესეც არ არის ერთი და ორი დღის თემა.
მერწმუნეთ, რომ მიუხედავად იმ რაღაც პირველი ტალღებისა და განწყობების, რომ ახლა ყველაფერს ამოვიღებთ ჩინეთიდან, ეს ყველაფერი ნელ-ნელა იტკეპნება და დაბალანსებული მიდგომები ხდება, თუმცა რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად გარკვეული მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვები ეკონომიკაში ერთმნიშვნელოვნადაც შეიცვლება, რეგიონალურ ჭრილშიც.
აქ საქართველოს აქვს რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი: გეოგრაფიული წვდომადობა მსხვილს ბაზრებზე, პირველ რიგში ევროკავშირი და მეორე რა თქმა უნდა ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ჩვენ გვაძლევს თავისუფალი უვიზო მიმოსვლა.
გვაქვს პრობლემები პერსონალის ნაწილში, კვალიფიკაცია, პერსონალი აქ პრობლემაა და რა თქმა უნდა პრობლემაა ეს სატრანსპორტო კავშირები.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწრაფი დრაივერი უნდა გახდეს და გახდება კავშირები, გეოგრაფიული წვდომა, ყველა სახის კავშირგაბმულობა, როგორც სატრანსპორტო, სატვირთო, დიგიტალიზირებული, საჰაერო სახის კავშირები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ხდება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი," - განაცხადა პრემიერმა.