პარლამენტში საკუთარი სურვილით მისულ პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მოუწია იმის ახსნა, თუ რატომ არ მივიდა საკანონდებლო ორგანოში საგანგებო მდგომარების გახანგრძლივების დროს.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად დაისვა, სოციალურ დახმარებებს, თვითდასაქმებულებს და, ზოგადად, კომპენსაციების დარიგებას ეხებოდა. დახმარების მოცულობის გარდა, დეპუტატებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპენსაციის დარიგების დროა.
კანონმდებლების ინტერესის სფეროები დღევანდელი დღის ანგარიშის მთავარ თემას არაერთხელ გასცდა. აქტიური იყო ორივე ფლანგი - ოპოზიციაც და უმრავლესობაც. სხდომათა დარბაზში, კითხვებთან ერთად, პოლიტიკური რეპლიკებისა და ბრალდებების დეფიციტი არც დღეს ყოფილა.
კითხვა-პასუხმა, ზოგადად, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა დეპუტატებს ყურადღებისკენ პრემიერმა რამდენჯერმე მოუწოდა. მათ შორის მაშინაც, როდესაც განმარტებას საპენსიო ფონდის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით აკეთებდა.
8 მარტის შეთანხმება, დასავლეთის კრიტიკა და ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან - საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ცხელი საკითხის გარეშე დღევანდელ კითხვა-პასუხს არ ჩაუვლია.
საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები რომ მაღალი იყო, ამაზე ოპოზიცია და უმრავლესობა თანხმდება. დეპუტატები დღეს დაინტერესდნენ, შესაძლებელია თუ არა დარიცხული თანხების ჩამოწერა.
ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით პრემიერის პასუხი ოპონენტებისთვის მოულოდნელი იყო. პრემიერმა განმარტა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი კანონდარღვევისთვის დაჯარიმდა.
პრემიერს აზარტული თამაშების შესახებაც დაუსვეს კითხვა და მოითხოვეს პასუხი იმაზე, თუ რატომ არ შეზღუდა ონლაინ კაზინოები. კონკრეტულად ამ კითხვისთვის პრემიერს არ უპასუხა, თუმცა გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მთავრობა პარლამენტს უახლოეს მომავალში კონკრეტული წინადადებით მიმართავს - მიზანი აზარტული თამაშების რეგულაციებია.