პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 11 საათის განმავლობაში უსმენდნენ. სხდომას, სადაც მთავრობამ საქმიანობის სამთვიანი ანგარიში წარადგინა, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
დეპუტატები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს და ბიზნესს წარდგენილი გეგმა ვერ ეხმარება და აქამდე სოციალური კომპენსაცია არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
ოპოზიციის წევრებს, გუშინდელი ხანგრძლივი სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრთან შეკითხვები დარჩათ. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერისგან ვერ მოისმინეს, რა გეგმა აქვს მთავრობას იმისათვის, რომ გაღარიბებულ ხალხს დაეხმაროს.
ხელისუფლების ოპონენტების უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრს პოსტკრიზისული გეგმა არ წარმოუდგენია.
პრემიერს საქართველოს პარლამენტში ხვალ ისევ ელოდებიან, ამჯერად უკვე ინტერპელაციის წესით.
"ვერ მოვისმინეთ ქვეყანაში მზარდი სიღარიბის ფონზე, რა გეგმა აქვს პრემიერ-მინისტრს, რომ დაეხმაროს გადარჩენაში ასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ვერ მოვისმინეთ, რა შეთავაზება აქვს პენსიონრებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ინფლაცია ქვეყანაში ყოველდღიურად აძვირებს მათ ცხოვრებას და იმაზე, რომ შიმშილის მაჩვენებლის ინდექსით, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემების მქონე ქვეყანა რეგიონში. ამ ყველაფერზე ჩვენ საუბარს გავაგრძელეთ ხვალ პრემიერ-მინისტრთან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრემიერთან კითხვები აქვს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრს სერგო რატიანს.
"არ გვიპასუხა კითხვაზე, რატომ არ წევენ გადასახადებს ბიზნესისთვის, რატომ არ უტოვებენ ხალხს უფრო მეტ ფულს, რატომ არის აქციზის გადასახადი ასეთი მაღალი, რომელიც ფაქტობრივად დღესაც ახშობს და კლავს ქართულ ბიზნესს და ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, პრემიერმა არაფერი არ ილაპარაკა, პირიქით, ეცადა, რაღაც ცინიზმის მეშვეობით გამომძვრალიყო სიტუაციიდან. პრემიერი იძულებული იქნება კვლავ უპასუხოს იმ ხედვებს და იმ შესაძლებლობებს, რაც აქვს ქვეყანას, იმას, თუ რა გამოწვევის წინაშეა დღეს ქართული ეკონომიკა," - განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დავით ჭიჭინაძე კი, ყურადღებას იმ დახმარებებზე გაამახვილებს, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა.
"მე გავაგრძელებ იმ თემას, რაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფორსმაჟორული სიტუაცია, სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა, დახმარებები, დაფინანსება, მათი ვადები იმიტომ, რომ თვის ბოლო ხვალ არის და ხვალისთვის უნდა იყოს დაწყებული დახმარების დარიგება - იქნება თუ არ იქნება. ეს იქნება ჩემი ძირითადი კითხვები, რომელიც მექნება პრემიერ-მინისტრთან," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტში პრემიერის მისვლას ელოდება.
"მე დავიტოვე კითხვები და პირობა მივიღე, რასაც ხვალ ველოდები. პრემიერი დამპირდა გუშინ, რომ პასუხს მეტყვის ხვალ, როდესაც მოვა პარლამენტში, რას ფიქრობს ის ჩემს მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე პენსიონერებთან დაკავშირებით. ყველა პენსიონერი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟისგან, როდესაც ისინი სარჩელს შეიტანენ სასამართლოში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.