18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
მორიგი დეზინფორმაცია და იერიში ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის წინააღმდეგ - ოპოზიცია ლუგარის ცენტრში რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტის შესახებ

მორიგი დეზინფორმაცია და იერიში ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიის წინააღმდეგ - ასე აფასებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლავროვის უწყების განცხადებას. მათი განცხადებით, კრემლის რიტორიკა ამ კონტექსტში უცვლელია, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, რომ მისი პოზიცია იყოს მტკიცე და პრინციპული.

"ახლა, როგორც ჩანს ახალი ეტაპი აქვთ იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით გაექცათ ვირუსის კონტროლი და ვიღაცას უნდა დააბრალონ, რა თქმა უნდა ამერიკული ლაბორატორია მტრულ საქართველოში არის ყველაზე კარგი განტევების ვაცი. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის რიტორიკას დაუპირისპირდეს ქვეყნის შიგნით, მათ შორის ისეთი ძალები არ წაახალისოს, რომლებიც პირდაპირ ფლაგმანად იღებენ ხოლმე ანტილუგარულ ან სხვა ანტიდასავლურ პროპაგანდას და შემდეგ ამას აფრიალებენ და მათი ხელშეწყობა ხდება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განიხილოს. მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ცდილობს ლუგარის ლაბორატორიას საშიში იარლიყი მიაწებოს.

"საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება განიხილოს რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში. ეს არის სწორი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც და ეს არის პრინციპული საკითხი. ანუ ორმხრივი რაიმე ვიზიტის რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელება და ინსპექტირება - ამას არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო სამართალი . ეს არის პირდაპირ გაძლიერება რუსული პროპაგანდის, რომელიც დღეს ცდილობს, ლუგარის ლაბორატორიას მიაწებოს რაღაც საშიში იარლიყი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპანტი მხარე მოითხოვს, წვდომა ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესასწავლად ნებისმიერ შენობაში, ასევე მათ სურთ წვდომა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციაზე.

დღის ამბები