იპოთეკური სესხების აღება უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის გამო შექმილი კრიზისისას სამშენებლო სექტორის სტიმულირებისათვის, სახელმწიფო სუბსიდირებას მოახდენს. მომხმარებლისთვის საპროცენტო განაკვეთი 4 %-ით შემცირდება და საშუალოდ 7 %-ს შეადგენს. სუბსიდია შეეხება 200 000-ს ლარამდე სესხებს და გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში.
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას დღეს ამ სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, წარმოდგენილი გეგმა სექტორს რისკებისგან დაიცავს და ხელს შეუწყობს, რომ მუშაობა სტაბილურად გაგრძელდეს.
"რომ არ ყოფილიყო სტიმულირების ეს პაკეტი დაიკარგებოდა ბევრი სამუშაო ადგილი, ბევრი სამუშაო ადგილის დაკარგვა სახელმწიფოსთვის ნიშნავს დაკარგულ გადასახადებს, შესაბამისად სახელმწიფოს შეიძლება უფრო დიდი დარტყმა მიეღო, იმ შემთხვევაში, თუ სტიმულირების ეს პაკეტი არ იქნებოდა, რაც შეეხება სესხის ხელმისაწვდომობას, ჩემი აზრით ის ფაქტი რომ სახელმწიფო 200 ათას ლარიან იპოთეკურ სესხებზე 4%-ის სუბსიდირებას ახდენს და იპოთეკური სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეიძლება 7%-მდე ჩამოვიდეს, რაც ისტორიულად დაბალია და ისტორიას არ ახსოვს ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში, თან სახელმწიფო ასეთი სესხის გარანტიაზე 20%-ს დებს, ჩემი აზრით, ეს სესხების ხელმისაწვდომობას გაზრდის და ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს გაუჩნდება იპოთეკური სესხის აღების საშუალება, რომელსაც აქამდე არ ჰქონდა, შესაბამისად ეს გაზრდის მოთხოვნას ბინებზე," - აცხადებს კომპანია "ემ კვადრატი უძრავი ქონების" გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე
"აქსისის" წარმომადგენლის განცხადებით, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმაში კარგად არის გათვალისწინებული კრიზისისგან დაზარალებული ორივე მხარის ინტერესები:
"კარანტინის პერიოდში ხო ყველა ხვდებით რომ შესყიდვები შემცირდებოდა კი არა საერთოდ გაჩერდა, ძალიან იშვიათი გამონაკლისებია. შესაბამისად ამ პერიოდში კომპანიები იძულებულები ხდებიან შეამცირონ ხარჯები, თანამშრომლები გაუშვან და ასე შემდეგ. კარგად იყო გათვალისწინებული კრიზისის მიერ დაზარალებული ორი მხარე, ეს არის ერთის მხრივ მომხმარებელი და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც ასევე ადამიანებისგან შედგება და დიდი ზარალი მიიღეს,"- განაცხადა სანდრო ვეჟუვიძემ.