18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი - ბექა ლილუაშვილი

ეკოონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით  7  პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. 
 
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი უძრავი ქონების შესაძენად წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს.

"საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, დეველოპერულმა სექტორმა. ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები. ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, რომ დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ უფრო მეტად ხელმისაწვდომი. 
 
ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს, უძრავი ქონების შესაძენად.
 
რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7 პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს დენომინირებულ ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
 
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000ლარამდე სესხის აღებას.
 
"სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. რატომ 5 წლის განმავლობაში - მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 10 წლიანი ან 15 წლიანი, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ ამ საპროცენტო ხარჯი შეუმსუბუქოს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები