იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებას და ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში პასუხობენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის თქმით, ოპონენტები მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ისე აფასებენ, როგორც ადამიანების მოსყიდვას.
"ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც მთავრობა ამ ურთულეს პერიოდში ჩაატარებს, რასაკვირველია ოპონენტების მხრიდან შეიძლება იყოს შეფასებული, როგორც ადამიანების მოსყიდვა, მაგრამ ამის ალტერნატივა მეორე გზა არსებობს, რომ საერთოდ არავის დაეხმარო, არც ბიზნესს, არც იპოთეკით დაზარალებულებს და საერთოდ არავის. თუკი 2008 წლიდან უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებს იგივე მდგომარეობაში დატოვებთ - ეს მათი აზრით სამართლიანი იქნება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯია და პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება სწორედ ამ სექტორის მხარდაჭერას.
"მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რომელსაც კომპანიები მიიღებენ და არაპირდაპირ კი ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორი, ამიტომ პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება სწორედ ამ სექტორის მხარდაჭერას," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 4 პროცენტით შემცირდება და საშუალოდ 7 პროცენტს შეადგენს. სუბსიდია შეეხება 200 000 ლარამდე სესხებს და გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში.