პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის პროტესტს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სტანდარტი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არსებობდა.
ანრი ოხანაშვილმი გამოთქვა მზაობა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წინადადებას კომიტეტის სხდომაზე მოუსმინოს.
"სტანდარტი არსებობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს ნიშნავს უზენაესი სასამართლო, ხოლო სამს - პარლამენტი. უცნაურია, რომ ეს იგივე პრინციპია, რაც მოქმედებდა ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გამოდის, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედ პრინციპს. აქამდე უკმაყოფილება არ არსებობდა.
რაც შეეხება საიას წინადადებას, კიდევ ერთხელ ყურადღებით განვიხილავთ, მივცემთ შესაძლებლობას ავტორებს, რომ წარმოადგინონ თავიანი მოსაზრებები, მიუხედავად იმისა, რომ, სტანდარტულად, წინადადების ავტორს, კომიტეტი არ უსმენს, მე მათ ამის შესაძლებლობას მივცემ. ყურადღებით მოვუსმენთ და თუ გვექნება რესურსი, რომ გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, არ დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვალინდელ პლენუმის სხდომაზე, რადგან პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის. ამასთან, ორგანიზაციამ პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების თხოვნით მიმართა.