ანტიკრიზისულ გეგმაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტშიც ისაუბრა, სადაც მოსმენა 11 საათს გაგრძელდა.
ოპოზიციის შეფასებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს და ბიზნესს წარდგენილი გეგმა ვერ ეხმარება და აქამდე სოციალური კომპენსაცია არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.
ხელისუფლების ოპონენტების უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრს პოსტ-კრიზისული გეგმა არ წარმოუდგენია.
"ის არ პასუხობდა კითხვებს, ან უბრალოდ სიცრუეს ამბობდა. სწორედ ამიტომ ურჩევნია ხოლმე ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და მათ არ სცემს პასუხს. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვიყენებთ შანს რომ ის საკითხები დაისვას რაც მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გამოჩნდეს რომ ის ატყუებს ხალხს და სადაც გაჭრის ეს წნეხი, ვაიძულებთ რომ დათმობაზე წავიდეს,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.