შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.
ვიდეო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნება. ხაზი გაესვა, რუსეთის მხრიდან კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდებს, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
"დღეს მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ როზარია პულისთან. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ჩვენს ძალიან წარმატებულ თანამშრომლობაზე უკვე წლების განმავლობაში. ასევე დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც განახორციელა მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების დასახმარებლად COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის ის ბორდერიზაციის ეპიზოდები, რომლებიც სწორედ ამ მძიმე გლობალური კრიზისის და პანდემიის ფონზე გრძელდება და ხორციელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რაც არის ძალიან მძიმე დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ამავდროულად ყოველგვარი ჰუმანურობის და ჰუმანიტარული პრინციპების, რაც იწვევს პირდაპირ ადამიანების ტანჯვას, დამატებით იმასთან ერთად, რასაც იწვევს თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის იზოლაცია, ახლა უკვე აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც შეზღუდული გადაადგილება.
ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, სწორედ მაშინ როდესაც ეს ლაბორატორია არის და იყო ინსტრუმენტალური იმისთვის, რომ საქართველო ეფექტურად გამკლავებოდა ამ ეტაპისთვის COVID-19-თან ბრძოლას. შემაშფოთებელია ის რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ნატოდან ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა ამ პროცესს. მათი პოზიცია ყველასთვის კარგად ცნობილია. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ხალხს როგორც COVID-19-თან ბრძოლაში, ისე ოკუპაციის წინააღმდეგ," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.