მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში არა კონკურსის წესით, არამედ პირდაპირ არიან დასაქმებულები.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხვისა და თანხის გაზრდაზე განმარტებები იმ პირებისგან გაკეთდა, ვინც საჯარო სამსახურებში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობასა და მათ ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს. ნათია თურნავა საკუთარ უწყებაში ასეთი თანამშრომლების გაზრდას ევროდირექტივებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან აკავშირებს. დედაქალაქის მერი კი, სახელფასო ფონდის გაზრდას მხოლოდ და მხოლოდ საქმის სიმრავლითა და ამით გამოწვეული აუცილებლობით ხსნის.
სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად მზარდია. თუ 2018 წელს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება - 217 მილიონ 89 ათასი ლარი იყო, 2019 წელს ეს რიცხვი 25 მილიონზე მეტით გაიზარდა და თანხამ 242 მილიონს გადააჭარბა. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხარჯების გაზრდის ტენდენციას წინასაარჩევნო პერიოდთან და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმებასთან აკავშირებენ.
სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული შტატიანი თანამშრომლების ხელფასის გაცემის პროცედურას კანონი არეგულირებს. რა შემთხვევაშიც უწყებების ხელმძღვანელებს, არ აქვთ საშუალება დასაქმებულებს ხელფასი კანონის ავლით დაუნიშნონ და მათ განსაზღვრულზე მეტი გადაუხადონ. პროცედურა განსხვავებულია შტატგარეშე თანამშრომელთა შემთხვევაში. ამ დროს, სამსახურების ხელმძღვანელებს ხელფასის თავისი შეხედულებისამებრ დანიშვნის საშუალება ეძლევათ. დამოუკიდებელი საპარლამენტო დეპუტატების ნაწილი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვისკენ და საკითხის შესწავლის აუცილებლობისკენ მიუთითებენ.
ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ უშტატო თანამშრომლებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. იმის დასამტკიცებლად, რომ ბიუროკრატიული ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხები მინიმალურია, უმრავლესობას ევროპის ქვეყნების მაგალითები მოჰყავს.
სახელმწიფო სამსახურებმა შტატგარეშე დასაქმებულთათვის გამოყოფილი სახელფასო ანაზღაურების ყველაზე მაღალი ნიშნულის 2019 წელს - გაზრდილი 25 მილიონი ლარის ხარჯზე დაფიქსირდა. კონკურსის გარეშე დასაქმებული პირებისთვის ბოლო სამ თვეში გაცემული თანხების მიხედვით, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს ამ თანამშრომელთა ანაზღაურება, გასულ წელთან შედარებით, 2020 წლის ბოლოს 40 მილიონით მეტი დაუჯდება.