18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის დანიშვნას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

საკონტიტუციო სასამართლოში ზაზა თავაძეს ვასილ როინიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმის უმრავლესობამ მიიღო. ვასილ როინიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა, ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის სამიზნე გახდა. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივნის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, კლანის წევრების მიერ სასამართლოს მონოპოლიზება ხდება. 

"კლანის წევრების მიერ სასამართლოს მონოპოლიზება ხდება. ეს ადამიანი წარდგენილი იყო ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდეგ მოხსნეს და ახლა გადაჰყავთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ერთსა და იმავე ადამიანებს ატრიალებენ, რადგან სჭირდებათ ლოიალური კადრები სასამართლოს გასაკონტროლებლად,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინათინ ბოკუჩავა. 

მმართველ გუნდში კი, ოპოზიციის განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე მორიგ ტყუილს უწოდებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება თავადვე მიიღო და ამ საკითხში სხვა არავინ ჩარეულა.

"ტყუილი და დემაგოგია კვლავ გრძელდება. ეს იყო უზენაესი სასამართლოს მიერ სუვერენულად მისაღები გადაწყვეტილება და შესაბამისად მათ თავიანთი არჩევანი თვითონვე გააკეთეს. რაიმე ცვლილება უახლოესი წლების განმავლობაშიც კი არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში სასამართლო უკვე დაკომპლექტდა,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე. 

საკონტიტუციო სასამართლოში ზაზა თავაძეს ვასილ როინიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმის უმრავლესობამ მიიღო. კანდიდატს 24 წევრიდან მხარი დაუჭირა 19-მა. 2 წევრი მისი წინააღმდეგი იყო. როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. ახლა კი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 წევრი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავაძეს თავმჯდომარის პოსტზეც შეცვლის. ახალი ხელმძღვანელი 5 წლის ვადით აირჩევა. სასამართლოში ერთი ვაკანტური პოსტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

დღის ამბები