პარლამენტის დღევანდელი სხდომა დეპუტატებს შორის მორიგი ურთიერთბრალდებებით და ირონიული კამათის ფონზე გრძელდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპონენტებს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, სხდომაზე ბოლომდე დარჩებიან თუ ჩუმად გაიპარებიან და მმართველი გუნდის პოზიციებს არ მოისმენენ.
"თავდაპირველად ერთი კითხვა მაქვს, ფეხაკრეფით რომ გაიპარებით ხოლმე სხდომის დასრულებამდე, ისე აპირებთ ახლაც თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, დაგველოდებით ბოლომდე და მოგვისმენთ? უბრალოდ პოლიტკორექტულობის საკითხია ეს - რომ გაიპარებით და ცარიელი სკამები რჩება ხოლმე აქ. ვიცი ბატონი გიგა ბოკერია გაღიზიანდება, განერვიულებულია დღეს. იქნებ დაგველოდოთ და მოისმინოთ ჩვენი პოზიციები,"- მიმართა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპონენტებს.
გიგა ბოკერიამ პასუხად პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ წესები დაიცვას და ანრი ოხანაშვილს მიკროფონი გამოურთოს, როდესაც ის "მისთვის ჩვეულ უაზრობებს" იტყვის.
"ბატონო არჩილ, წესები დაიცავით და ანრი ოხანაშვილს მიკროფონი გამოურთეთ მაშინ, როდესაც მისთვის ჩვეულ უაზრობებს იტყვის ხოლმე. ხომ არ გეშინიათ მისი, ამ კაცში საშიში არაფერი არ არის, გაუთიშეთ ხოლმე მაშინვე. ფეხაკრეფით გაპარვა რა არის, ვინმესთან კონსულტაცია მაინც გაიარეთ ხოლმე, სანამ სიტყვებს შეარჩევთ. ჩვენ, იცით, რაზე ვზრუნავთ ბატონო ანრი? რომ არჩევნების შემდეგ თქვენ გასაქცევი არ გქონდეთ,"- მიმართა გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს.