პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საგანგებო მდგომარეობის ფონზე შექმნილი კრიზისის დროს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის მოქალაქეებისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების განცხადებებს პასუხობს. უმრავლესობის წევრის თქმით, საპენსიო ფონდის შექმნაში აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი და ის არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.
"საპენსიო რეფორმა დღეს არ გაკეთებულა და არც გუშინ. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში. ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ნიმუში, ევროპული პრაქტიკა, ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის და ევროკავშირის განცხადებები. რაც შეეხება პატივცემულ კოლეგებს, მაშინაც წინააღმდეგი იყვნენ ამ კანონის და როდესაც ვკითხეთ, ევროკავშირს მოსწონს, მსოფლიო ბანკს და სავალუტო ფონდს და თქვენ რა მაგალითი გაქვთ მოგვიყვანეთ-თქო, გვითხრეს, რომ სინგაპურის მაგალითი გვაქვსო.
აქ მთავარი რა არის, იცით, ხალხს რატომ არ ვეკითხებით, უნდათ ამ თანხის გამოტანა თუ არ უნდათ. ასე მოვჭრათ და არ ვკითხოთ არაფერი? მაგალითს გეტყვით, 40 წელს ზევით ნებაყოფლობითი იყო სამი თვის განმავლობაში საპენსიო პროგრამაში ჩართვა, ანუ შეეძლოთ, რომ უარი ეთქვათ და რაღაც თანხა ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს ჩადებული და მოუწიათ გაორმაგება ამ თანხის, ანუ ხალხი არ გავიდა, ორჯერ მეტი ხალხი დარჩა,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.