18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
16.6%-ით შემცირებული ეკონომიკა აპრილში - ორნიშნა ვარდნა, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში კი საშუალოდ ჯამში 3.6%-ით. დარგი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კლების მიმართულებით, მშენებლობის სფეროა. ბრუნვა შემცირდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

შედეგს ადვილად პროგნოზირებადს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ორნიშნა კლება სუსტი ეკონომიკის და არაეფექტური ანტიკრიზისული გეგმის გამო მოსალოდნელი იყო. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მოქალაქეებს გადასახადები მკვეთრად შეუმცირონ, საკუთარ თავს კი ხარჯები.

მონაცემი არ უკვირს არც ეკონომიკის მინისტრს. ნათია თურნავა ვარდნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ზომებით ხსნის, რაც პირველ რიგში, სწორედ, ეკონომიკური საქმიანობების შეჩერებას გულისხმობდა. მმართველი გუნდი მომდევნო თვეებში იმედს ანტიკრიზისულ გეგმაზე ამყარებს.

ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ ეკონომიკურ ვარდნას არა დროებითი ზომებით, არამედ გაცილებით სიღრმისეული ცვლილებებით უპასუხოს. ისინი აქცენტს საინვესტიციო გარემოზე აკეთებენ, რომლის გაუმჯობესების შემთხვევაშიც, ქვეყანაში მეტი ინვესტორი შემოვა.

საქართველოს ეკონომიკას გლობალურ და რეგიონულ შოკებთან გამკლავების რამდენიმე წარმატებული მაგალითი აქვს. მაგალითად, შარშან რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 2012 წლიდან ყველაზე სწრაფი ტემპით 5.2%-ით გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის დასრულების ბუნდოვანი პერსპექტივა, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მომდევნო თვეებშიც ორნიშნა ვარდნით გამოიხატება. 

დღის ამბები