ახალი რეგულაცია ტურისტებისთვის - ყველა ადამიანი, ვინც ისეთი რუკით ისარგებლებს, სადაც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ იქნება, ჯარიმით ან 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
ბლოგერი სოხუმიდან წლებია სოციალურ ქსელში და არამხოლოდ, იმისთვის იბრძვის, რომ ტურისტებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცენ. ამბობს, რომ კანონი, რომელიც ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისგან დაიცავს კარგია, თუმცა ფიქრობს, რომ საოკუპაციო პოლიტიკისგან და რუსული პროპაგანდისგან ქვეყანას უფრო სერიოზული დაცვა სჭირდება.
კანონი ერთ თვეში - 2 ივლისს ამოქმედდება, სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილება შესული, დამტკიცებული და ხელმოწერილია.
თავად კანონპროექტში ცვლილების ინიციატორი ამბობს, რომ კანონის გამკაცრება რუსული რბილი ძალის გააქტიურებამ გამოიწვია. ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ მოსკოვი ყალბი რუკების გამოყენებით ცდილობს მაქსიმალურად მეტ ადამიანს დააჯეროს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არ არის. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამკაცრებული კანონი შედეგს გამოიღებს.
ის, რითაც მმართველი გუნდი კმაყოფილია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონია. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში კანონის აღსრულების პრობლემა იქნება. "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ევროპულმა საქართველომ" ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
ყოველთვის არა, მაგრამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისს არადიპლომატიური წერილების გაგზავნა ხან პოპულარული სოციალური ქსელის -ტიკ-ტოკის სათაო ოფისში უწევს, ხან კი უკვე მომხდარ ფაქტზე ქვეყანაშივე რეაგირება.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს რუკები საქართველოშიც არაერთხელ შემოსულა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებდნენ. დღეს ოფიციალურ თბილისში სჯერათ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ საოკუპაციო კარტოგრაფიის შემთხვევები მკვეთრად იკლებს.