18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ჩვენ ვთხოვთ "ქართულ ოცნებას" შეასრულოს შეთანხმება და საკონსტიტუციო პროცესი ბოლომდე მიიყვანოს - ლევან ბეჟაშვილი

პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით, ისევ უცნობია ექნება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას ოპოზიციის მხარდაჭერა. ოპონენტები ხელისუფლებისგან პირობის შესრულებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ცვლილებას საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს.

"როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზეა საუბარი აქ მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური კონტექსტი და შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ამიტომ თითოეული პუნქტის დაცვა ამ შეთანხმებაში ძალიან მნიშვნელოვანია და განაპირობებს საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფი მიღების წარმატებულობას.ამიტომ. კიდევ ერთხელ ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე, ჩვენ ვთხოვთ "ქართულ ოცნებას", რომ შეასრულოს ის შეთანხმება, რომელიც აიღო საერთაშორისო ვალდებულების მხრივ და მოხდეს საკონსტიტუციო პროცესის ბოლომდე მიყვანა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოპოზციის ინტერესშია, თუმცა აუცილებელია ეს შეთანხმება შეასრულოს მმართველმა გუნდმაც:

"ჩვენი ამოცანა, ყველასი, უნდა იყოს რომ ის ვალდებულება, რომელიც აიღო ყველა პოლიტიკურმა ძალამ, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მოაწერა ხელი, იყოს ბოლომდე მიყვანილი. ეს არის მოლოდინი ჩვენი პარტნიორების, საზოგადოების და ოპოზიციური ძალების. ამიტომ იქ ხმების თვლას და იმის გარისკვას, შედგება თუ არა  უმრავლესობა, უმჯობესია მარტივად, ისე როგორც უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, გათავისუფლებული იქნას გიორგი რურუა და მერე არანაირი პრობლემა არ იქნება 120/30-ის. ჩვენ ინტერესში არის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს ბოლომდე და საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს მიღებული,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები