"ჩვენი მუშტმოღერებული განცხადებები, პოლიტიკურ მუშტიან მოქმედებებში გადავა და 31 ოქტომბერს, ჭორვილას კლასტერი დაემშვიდობება ქართული პოლიტიკის სადავეებს, სადაც ის უზნეოდ და უკანონოდ მოვიდა," - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "კურიერს" შაბათის სტუმრის რანგში განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა და მას მეცენატი უწოდა. დღეს კი, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, აბსოლუტურად საპირისპირო აზრზეა და ის სხვა ოპოზიცურ გუნდთან ერთად, მმართველი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნას მკაცრად აკრიტიკებს. როგორ იცვლება ტონალობა პოლიტიკურ ცხოვრებაში? - კითხვას შალვა ნათელაშვილი პასუხობს.
"პოლიტიკაში ჩემი ბედისწერა, მრავალი ასპექტით საოცარია, მათ შორის არის ოპონირების კუთხეც. როგორც წესი, პოლიტიკოსებს ჩადენილ ქმედებებზე ედავებიან. რაღაც უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. თუ ის დაეთანხმებოდა მაშინ ჩემს პოზიციას, ჯერ მე უნდა ავერჩიე ხალხს პრეზიდენტად. ამაზე მედავებიან და კიდევ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა დავუთმე, რომელ პოსტზეც მე ცხოვრებაში არ მიყრია კენჭი. ორგანულად მეზიზღებოდა ქალაქის სტრუქტურათა ხელმძღვანელად მუშაობა,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი სლოგანი წინა წლების არჩევნებზე გახლდათ - "ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანა", თუმცა ვრცელდებოდა შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის იმდენად კომფორტულად გრძნობდა თავს ოპოზიციაში, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არც კი უნდოდა - ამ მოსაზრებას შალვა ნათელაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და მისი მომხრეების მიერ აგორებული პიარია. "იდიოტი უნდა იყოს კაცი, რომ პოლიტიკაში იყოს და არ უნდოდეს ბერკეტებით ძალაუფლებაში,"- აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.
პარტიული ერთობა, საერთო მაგიდის ირგვლივ სხვადასხვა ოპოზიცური ლიდერების თავმოყრა და საერთო თემებზე მსჯელობა - ამ უჩვეულო მოვლენას შალვა ნათელაშვილი აღწერს და განმარტავს იმასაც, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს, საერთო მიზნისთვის იბრძვის.
"პარტიული ერთობა, საქართველოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს, ბოლო ერთ საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ყოველთვის უკავშირდებოდა იმას, რომ პარტიები საერთო მიზანზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. რატომ მოვიდა 2012 წელს ოლიგარქი ივანიშვილი ხელისუფლებაში? ეს ხალხის ბრალი არ არის, ეს ჩვენი - პარტიების ბრალია. დავჭამეთ და დავასუსტეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ნდობა მოსახლეობაში და შესაბამისად, წმინდა ადგილი ვაკანტური არასოდეს არ არის. დღეს, ქართულმა პოლიტიკურმა გონმა, გააკეთა სწორი დასკვნები და ერთი მაგიდიდან დიდი ოპოზიცური სპექტრი, ერთად ვხაზავთ მომავალ საქართველოს. მთლიანობაში, ჩვენ მომავალ მრავალპარტიულ კოალიციურ მთავრობაზე ვართ ორიენტირებული. სანამ საქართევლოში ერთი ლიდერი და ერთი პარტია საკუთარ ჭაობად გადაიქცევა და საკუთარ ცოდვებში ჩაიწვება, კაცობრიობა წინ, კოსმოსში გავარდება და ჩვენ, სადღაც კუდში მაჩანჩალად დავრჩებით. საპარლამენტო არჩევნებში კი, "ლეიბორისტული პარტია" ყოველთვის დამოუკიდებელია და ის არასოდეს არავითარი ბლოკისა და ალიანსის ნაწილი არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ მანდატების გამო, საპარლამენტო სიაში არავის ავკიდებივართ, ამიტომ გვაფასებს ხალხი,"- ამბობს შალვა ნათელაშვილი.
პოლიტიკოსმა საკუთარ შვილზეც ისაუბრა და გამორიცხა, მისი შვილის საარჩევნო სიაში ყოფნის საკითხი.
"საარჩევნო სიების შედგენა არ ხორციელდება, შვილების, ნათელ-მირონობისა და მეგობრობის პრინციპით. ამაზე მსჯელობა არც ოჯახში და არც პარტიაში არ ყოფილა არასოდეს. პირადად მე კი, მძულს მაჟორიტარიზმი, მაგრამ დღეს გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ მკერდით წინ გადავეღობოთ ვაჭრებსა და ოლიგარქებს. როგორც გადაწყდება პარტიულ ფორმატში, ისე მოვიქცევი და იქ ვიყრი კენჭს, სადაც საჭირო იქნება. ისე კი, ალბათ თბილისში ან თბილისის სიახლოვეს ვიყრიდი კენჭს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ყველა პოლიტიკურ ძალას მოესვლება,"- აცხადებს ნათელაშვილი.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა "კურიერში" იმ ფაქტზეც ისაუბრა, როდესაც საკუთარ ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის კი იყვნენ ისინიც, ვისი მისამართითაც, შალვა ნათელაშვილს არაერთი ბრალდება გაუჟღერებია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ემოციები პოლიტიკის ნაწილი არ არის.
"როგორი იქნებოდა სტალინისა და ჩერჩილის ემოცია, როდესაც, ერთმანეთს, პოსტდამის კონფერენციაზე შეხვდნენ, სისინი ხომ ერთამენთში ომობდნენ. ჩვენ, ასეთი დაპირისპირება მაინც არ გვქონია ერთმანეთთან. იყო გადაჭარბებული პოლიტიკური ოპონირებებიც, მაგრამ ის საერთო მიქარვა, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მოსვლით დავუშვით, ერთად უნდა გამოვასწოროთ. პოლიტიკაში, თუ წარსულში ხედვას დაიწყებ მაშინვე კისერს მოიტეხ. მინდა გითხრათ რომ ის ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ჩემთვის სავსებით მისაღებ არიან, როგორც ოპოზიციონერები,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
იცნობს თუ არა, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს? - "ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეზობელია, ის 80-იან წლებში უბანში ნარკოტიკს ჰყიდდა. ამით ვიცოდი მისი არსებობა." - ამბობს ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი მატიანე დაწერა, თუმცა შუქ-ჩრდილებით. შალვა ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯვარი არავისზე არ აქვს დაწერილი, მათ შორის არც სააკაშვილზე. საქართველო ისეთი ფენომენია სამყაროსეული გაგებით, რომ არ შეიძლება პიროვნებათა ჯგუფზე ან პარტიაზე იყოს ჩამოკიდებული.
"რაც დასჭირდება ივანიშვილის მოშორებას, მე ყველაფერზე თანახმა ვარ, ომის გარდა,"- აცხადებს ნათელაშვილი.
დღეს რომ მიხვიდეთ თეთრ სახლთან რას დაიყვირებდით "დაუნ ლი დიქტეიტეს" ნაცვლად? - "დღეს მადლობას დავიყვირებდი"- ასე უპასუხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა "კურიერის" შეკითხვას.
კითხვაზე კი, თუ სად წარმოუდგენია საკუთარი თავი გამარჯვების შემთხვევაში - შალვა ნათელაშვილი ასე პასუხობს:
"ეს ის პირველი შემთხვევა და ის პირველი არჩევნებია, როდესაც მე საკუთარ პერსონას, არც პრეზიდენტად და არც პრემიერად არ ვაყენებ. ჩემი მთავარი ამოცანაა, საქართველოში მიღწეული იყოს მრავალპარტიული სისტემის აღდგენა, ეს სისტემა იმდენად მაკონტროლირებელი იქნება, რომ ცუდი პრემიერიც კი ვერ გააკეთებს ცუდ საქმეებს,"- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.